ბრიტანული ჟურნალის „THE ECONOMIST“-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019“- ის ეგიდით, 29-30 იანვარს, თბილისში, „ტექნოპარკში“ ეკონომიკური კონფერენცია- „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“
გაიმართება. კონფერენციას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე დაესწრება. კონფერენციაზე საპატიო სტუმრად მოწვეულია ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი, ჰენრიკ ჰოლოლეი.
ეკონოიკის სამინისტროს ინფორმციით, კონფერენციის მიზანია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი, ახალი გამოწვევებისა და მომავალი განვითარების პერსპექტივის გლობალურ კონტექსტში განხილვა. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მთავრობის მიერ მიღწეული შედეგებისა და მომავალში განსახორციელებელი რეფორმების საჯარო განხილვები.
კონფერენციას „ტექნოპარკში“, 29 იანვარს, 09:00 საათზე საქართველოს პრემიერ–მინისტრი, მამუკა ბახტაძე და ჰენრიკ ჰოლოლეი გახსნიან. ღონისძიების მოდერატორი გაზეთ „Georgia Today“-ის დამფუძნებელი, გიორგი შარაშიძე იქნება. კონფერენციის პირველ დღეს დაგეგმილია სამი პანელი, ასევე დისკუსია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით.
იმ მნიშვნელოვან საკითხებს შორის, რომლებზეც ეკონომიკური ბლოკის მინისტრები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები,ასევე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაგეგმილი პანელების ფარგლებში ისაუბრებენ, არის: საქართველოს გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის პერსპექტივები, ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში, დაგროვებითი საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზარი, ახალი ბაზრებისა და ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია, მეწარმეობის ხელშეწყობა, საქართველოს, როგორც აგრარული ქვეყნის პოტენციალის ანალიზი, „მწვანე ეკონომიკა“ და ა.შ.
ეკონომიკურ კონფერენციას-„საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ ასზე მეტი დელეგატი დაესწრება.

















