საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბენილუქსისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ტურ-ოპერატორებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის გაცნობით ტურს მასპინძლობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მსოფლიოს უმსხვილესი ტურისტული კომპანიების - Thomas Cook-ისა და Kuoni-ის წარმომადგენლები საქართველოს და მის საზაფხულო კურორტებს გაეცნობიან.
Thomas Cook-ი მსოფლიო ტურისტული ინდუსტრიის რეიტინგში პირველ ადგილზეა. მას, ისევე როგორც Kuoni-ს, წარმომადგენლობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აქვს, მათ შორის, პოლონეთში, ეგვიპტეში, საფრანგეთში, კანადაში, გერმანიაში და ა.შ.
ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გაცნობითი ტურის შემდეგ Tomas Cook-ისა და Kuoni-ს მეშვეობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათი წარმომადგენლები საქართველოზე ინფორმაციას მიიღებენ.
ამავე პროექტის ფარგლებში, თბილისს ცნობილი ლატვიელი ჟურნალისტი ეწვევა, რომელიც გაცნობითი ტურის შემდეგ სტატიებს საქართველოს შესახებ სხვადასხვა რეიტინგულ ჟურნალ-გაზეთში გამოაქვეყნებს.

















