მომავალ 2019 წელს სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე, ჯამში, 150 მლნ ლარზე
მეტი მიიმართება, - ეს განცხადება 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გააკეთა.
მისი თქმით, უშუალოდ სამინისტროს სისტემის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 135.5 მლნ ლარია გათვალისწინებული.
„ამასთან, სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტი ნაწილობრივ გადავიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში, წინა წარდგენასთან შედარებით, გაიზარდა თითქმის 30 მლნ ლარით და სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე ჯამში 150 მლნ ლარზე მეტია მიიმართება, რაც 2.5-ჯერ აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ, განათლების რეფორმა მზადდება, რომლის განხორციელების შემდეგ, მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს ქვეყანაში განათლების ხარისხი, რაც საბოლოოდ, ადამიანური რესურსების განვითარებას უზრუნველყოფს.

















