მომავალი, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი პირველად აჭარბებს 13
მლრდ ლარს, - ამის შესახებ პარლამენტის სესიაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განახლებულ ვერსიაში, დამატებით 92.4 მლნ ლარით იზრდება, მათ შორის, 40 მლნ ლარამდე ინფრასტრუქტურის ნაწილში.
„მიმდინარე წელს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის - „ადამიანური კაპიტალის ინდექსით“, კიდევ ერთხელ გამოვლინდა ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები და მიღწევები. ჩვენს პრიორიტეტებში აქცენტი, ძირითადად, ჯანდაცვისა და განათლების კომპონენტებზე კეთდება, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საზოგადოებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის პარალელურად. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა 5-წლიანი სამოქმედო გეგმის მომზადებაზე, რომლის შესრულებამ მნიშვნელოვნად პოზიციები აღნიშნულ ინდექსში უნდა გაგვიუმჯობესოს, რაც ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარების შედეგი იქნება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

















