პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე
უძღვებოდა, მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განიხილეს.
კანონპროექტი დღემდე უკვე განიხილა სხვა კომიტეტებმა და საპარლამენტო უმრავლესობამ.
საკითხი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ გამოიტანა და განაცხადა, რომ კანონპროექტით, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-40 მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების დაზუსტება ხდება და ამის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ეკონომიკური ზრდაა. არსებული ბიუჯეტით დაგეგმილი იყო ეკონომიკის რეალური ზრდა 4.5%-იან მაჩვენებელზე, თუმცა 10 თვის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 5.1%-ს მიაღწია. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით, ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 5%-ს შეადგენს.
ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები შემდეგნაირად განისაზღვრა:
რეალური ეკონომიკური ზრდა - 5.0%;
მშპ-ს დეფლატორი - 4.5%;
ინფლაცია - 3.0%
ნომინალური მშპ - 41 527,2 მლნ ლარი;
ამგვარად, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 450.7 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის: შემოსავლები - 10 464.9 მლნ ლარი (დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 150.7 მლნ ლარით); სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები იზრდება 7.8 მლნ ლარით და განისაზღვრება 12 467.3 მლნ ლარით.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია ცალკეული მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით. მისი თქმით, ყველაზე დიდი ცვლილება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილში შედის, სადაც დამტკიცებულ გეგმა დაახლოებით 269 მლნ ლარით მცირდება. „გასათვალისწინებელია, რომ 2018 წელს დაგეგმილი იყო მასშტაბური საგზაო პროექტების დაწყება, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთი და ჩრდილოეთი-სამხრეთი მაგისტრალის ურთულესი მონაკვეთი (ქვეშეთი-კობი). აღნიშნული პროექტები გამოირჩევა კომპლექსურობით და წინა მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივი და რთული ეტაპებით, შესაბამისად პროექტები ნაწილობრივ გადაინაცვლებს შემდეგ წლებში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ და აღნიშნა, რომ ზოგიერთი პროექტის შესრულების ვადების გადაწევასთან ერთად, ბიუჯეტში ხდება ამ პროექტებისთვის დონორების მიერ გამოყოფილი საკრედიტო რესურსების კორექტირებაც.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტში ცვლილებების შედეგად, დამატებითი პროექტების დაფინანსების შესაძლებლობა იქმნება, რომლებიც მომდევნო წლებში იყო გათვალისწინებული და მათი დაფინანსება უფრო ადრე ხერხდება, ასევე ის პროექტები, რომლებიც წელს სრულად ვერ ფინანსდება და ვერ ესწრებოდა მათი განხორციელება, გადანაწილდება მომდევნო წელზე. „საბოლოო ჯამში, რაც ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანია, ეს არის დეფიციტის მაჩვენებელი, რომელიც 2,8%-დან ნაერთი ბიუჯეტის შემთხვევაში მცირდება 2,3%-მდე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ და უპასუხა კომიტეტის წევრთა კითხვებს.
ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ და დეტალურად ისაუბრა პროექტების შესრულების მდგომარეობაზე, რაც მისი შეფასებით არც თუ ცუდია.
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნა წარმოადგინა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა. მისი განცხადებით, ეროვნულ ბანკს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ გააჩნია.
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა გენერალური აუდიტორის მოადგილემ ეკატერინე ღაზაძემ წარადგინა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ასახავს წლის განმავლობაში ფაქტობრივად რეალიზებულ ტენდენციებს, კანონპროექტი არსებული დაშვებების საფუძველზე, ძირითადად სათანადოდ არის მომზადებული, შესაძლებელია იგი, მოქმედი ნორმატიული ბაზის გათვალისწინებით, შეფასდეს საფუძვლიანად და კანონიერად.
დასასრულ, კომიტეტმა კენჭის ყრის შედეგად, წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ასევე სხვა კომიტეტებში გამოთქმული გარკვეული შენიშვნების გათვალისწინებით.

















