კონკურენციის კანონმდებლობაში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე და კონკურენციის
კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე დეპუტატებმა და ექსპერტებმა დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროცესში კონკურენციის მნიშვნელობაზე, კონკურენციის სააგენტოს ფუნქციების დახვეწის საჭიროებაზე და კანონმდებლობაში ამ მიმართულებით განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა.
„კონკურენციის თემა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან საქართველოში ეკონომიკა თავისუფალ ბაზარს ეფუძნება. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ კანონმდებლობა ბევრი მიმართულებით არის დასახვეწი. კერძოდ, დასახვეწია თავად კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხი, პროცედურული ნორმები და სხვა. თუნდაც ის, რომ არსებობს სახელმწიფო, საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი ისეთი სუბიექტებიც, რომელსაც კანონმდებლობა არ მოიცავს. ასევე, ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში კონკურენციის განხორციელება, არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და მათზე რეაგირების საკითხები არასრულყოფილია. ამ მიმართულებით არსებული კანონმდებლობა ხარვეზებს შეიცავს“, - განაცხადა რომან კაკულიამ.
შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხებზე დეტალურად ისაუბრეს, იმსჯელეს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რომ მთავრობასთან ერთად კანონმდებლობის სრულყოფა მოხდეს.
შეხვედრაში, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით (GIZ) გაიმართა, პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ვინსენტ რეი, ექსპერტები და სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

















