პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ინფორმაცია წარადგინა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი კაკურიძის განმარტებით, 2018 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 4.5%-ის ოდენობით ეკონომიკური ზრდით თუმცა, 10 თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა, წინასწარი მონაცემებით 5,1% შეადგინა.
„შესაბამისად, ჩვენ გავზარდეთ ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი და 4,5%-ის ნაცვლად ის შეადგენს 5%-ს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მისივე თქმით, დაგეგმილთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის და ადმინისტრირების გაუმჯობესების შედეგად გადაჭარბებით სრულდება საგადასახადო შემოსავლები. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმიური მაჩვენებელი გაიზარდა 240.0 მლნ ლარით და განახლებული პროგნოზი შეადგენს 10 500.0 მლნ ლარს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებლის პროგნოზი იზრდება 200.0 მლნ ლარით და შეადგენს 9 690.0 მლნ ლარს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 450.7 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის: შემოსავლები - დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 150.7 მლნ ლარით და შეადგენს 10 464.9 მლნ ლარს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები იზრდება 7.8 მლნ ლარით და განისაზღვრება 12 467.3 მლნ ლარით.
გიორგი კაკაურიძემ მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით წარმოდგენილ ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ყველაზე დიდი ცვლილება შედის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილში, სადაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 269 მლნ ლარით ხდება შემცირება. „გასათვალისწინებელია, რომ 2018 წელს დაგეგმილი იყო მასშტაბური საგზაო პროექტების დაწყება, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთი და ჩრდილოეთი-სამხრეთი მაგისტრალის ურთულესი მონაკვეთი (ქვეშეთი-კობი). აღნიშნული პროექტები გამოირჩევა კომპლექსურობით და წინა მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივი და რთული ეტაპებით, შესაბამისად პროექტები ნაწილობრივ გადაინაცვლებს შემდეგ წლებში. გასათვალისწინებელია, რომ რიკოთის მონაკვეთის 4 კომპონენტიდან მიმდინარე წელს პირველი ტრანშები გადაირიცხება ორ მონაკვეთზე. ზოგიერთი პროექტის შესრულების ვადების გადაწევასთან ერთად ბიუჯეტში ხდება ამ პროექტებისთვის დონორების მიერ გამოყოფილი საკრედიტო რესურსების კორექტირებაც“, - განმარტა მომხსენებელმა. მისი თქმით, დევნილთა სახლების შეძენისათვის დამატებით 45 მლნ ლარი გამოიყოფა, რითაც 500-ზე მეტი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი.
გიორგი კაკაურიძის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ასიგნება იზრდება 21 მლნ ლარით და განისაზღვრა 142.0 მლნ ლარით. დამატებითი 17. მლნ ლარის გამოყოფა ხორციელდება სტრასბურგსა და ლონდონში საქართველოს დიპლომატიური მისიებისათვის შენობების შეძენის მიზნით.
„ამ ორი შენობის შესყიდვისთვის მატება ხდება 17 მლნ. ლარით. თუ წელს მოხდა ამ ორი შენობის შესყიდვა, ეს იქნება საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ემატება 4 მლნ ლარი, რომელიც მიემართება საელჩოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დაფინანსებისთვის. „დამატებითა ხარჯები გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მას შემდეგ რაც სახელმწიფომ გარდაცვლილი თანამემამულეების გადმოსვენების დაფინანსება დაიწყო, მისი ზუსტი გათვლა შეუძლებელია. წელს დანახარჯები, დაახლოებით, 3,8 მლნ ლარს გასცდება, რაც სამინისტროდან იქნა გაწეული“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
„მნიშვნელოვანი ცვლილებაა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებით, რადგან ორ ქალაქში საელჩოსთვის შენობის შესყიდვა იგეგმება. ჩვენ, არაერთხელ დაგვიყენებია ეს საკითხი ბიუჯეტის განხილვისას. მისასალმებელია, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, განსაკუთრებით, ისეთ ქალაქებში, როგორიცაა სტრასბურგი და ლონდონი. რაც არ უნდა დიდი თანხები იყოს გადასახდელი საელჩოებისთვის შენობის შესაძენად, გრძელვადიან პერსპექტივაში თანხების დაზოგვა მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი დაიძრა“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის (სოციალური კეთილდღეობის პროგრამა)“ საკრედიტო შეთანხმებას რომლის მიხედვით, საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოს სესხის სახით სოციალური კეთილდღეობის პროგრამის დასაფინანსებლად 35 მლნ. ევროს გამოუყოფს. პროგრამა გაწერილია 3 წელზე და სააგენტოს მიერ ჯამურად გამოყოფილი იქნება 105 მლნ. ევრო. აღნიშნული სესხი პირდაპირ მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად. პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 35 მლნ. ევრო განსაზღვრულია რვა ღონისძიების დასაფინანსებლად. კერძოდ,: სოციალური მხარდაჭერისა და სოლიდარობის სისტემის განვითარება, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადექვატური მომსახურების გაწევა, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფა, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გამოყოფილი რესურსების ოპტიმიზაცია, რაც გულისხმობს სულ ცოტა 20 ავარიული შენობის დახურვასა და 350 ოჯახის შესაბამის საცხოვრებელში განთავსებას და სხვა.
სესხის ხანგრძლივობაა 20 წელია, მათ შორის, 6 წელი-შეღავათიანი, საპროცენტო განაკვეთი კი ცვალებადი და EURIBOR-ზე დამოკიდებული.
კომიტეტმა ასევე, მხარი დაუჭირა „2016 წლის 11 თებერვლის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს ურბანული რეკონსტრუქცია და განვითარება)“ N1 ცვლილების“ წერილ-შეთანხმებას. „2016 წლის 11 თებერვალს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტის დაფინანსების შესახებ. პროექტის ფარგლებში დასაფინანსებელი ღონისძიებების განხორციელებისთვის ბანკმა მზადყოფნა გამოთქვა 100 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის თაობაზე. აქედან 50 მლნ ევრო გათვალისწინებული იყო სტიქიებისა და სხვა გადაუდებელი სამუშაოების დაფინანსებისთვის. დანარჩენი 50 მლნ ევროდან 25 მლნ ევრო იყო ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. კერძოდ, გათვალისწინებული იყო კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა და დამატებით 25 მლნ ევრო გათვალისწინებული იყო მუნიციპალიტეტებში მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის. სტიქიის ნაწილში დაახლოებით 15 მლნ ევრო ათვისებულია. რჩება შესაძლებლობა რომ დამატებით 10 მლნ ევრომდე ამ მიმართულებით კიდევ იქნას გამოყოფილი. დანარჩენი 75 მლნ ევროს გადატანა ხდება მთლიანად მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის. ვინაიდან კობი-გუდაურის საბაგირო გზის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და წელს უკვე სრულდება აღნიშნული პროექტის დაფინანსება, ამიტომ მიზანშეწონილია 75 მლნ ევრო მთლიანად გამოყენებული იქნას მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის“, - განმარტა მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
გიორგი კაკაურიძის განმარტებით, სესხის პირობები არ იცვლება.

















