სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის
ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის მიერ ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენების თემაზე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.
გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაკის მე-2 და მე-14 უბანზე დავით შენგელიას და ზურა ჩაკვეტაძის სახელზე ყალბი პირადობის მოწმობები გამოავლინეს, საარჩევნო სამაგიდო სიასა და პირადობის მოწმობაში არსებული მათი ფოტოები არ ემთხვეოდა ერთმანეთს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში, აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია გადამოწმდა და დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე მისამართზე, იდენტური სახელით და გვარით დარეგისტრირებულ მამა-შვილს.
სავარაუდოდ ორივე შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მამა-შვილიდან ერთ-ერთი იყო მისული და ადგილზე მყოფ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი შეცდომაში შევიდა, შესაბამისად დეზინფორმაცია გაავრცელეს.

















