პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული
ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ დღეს პირველი სხდომა გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე პირველ საკითხად სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დებულებაზე და საბჭოს საქმიანობის პრინციპებზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმები განსაზღვრეს.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ საბჭოს არსებობის მოტივზე ისაუბრა და განაცხადა, - „ჩვენ ვსაუბრობთ ელექტრო ენერგიის მოხმარების ზრდაზე და კონკრეტულ პროცენტებზე, რომელშიც ეს ზრდა აისახება. ვსაუბრობთ აქედან გამომდინარე იმპორტის ზრდაზე და ვთანხმდებით, რომ ამას სჭირდება ადეკვატური რეაგირება წარმოების კუთხით. მაგრამ ჩვენ აქ გამოწვევები გვაქვს, როგორიცაა უსაფრთხოების თემა, ამ ობიექტების მონიტორინგი, ასევე წინასწარი შეტყობინების სისტემის არარსებობა. ამიტომ, აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა“. რომან კაკულიას თქმით საკმარისი არ არის ვიცოდეთ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მთავარია გამოიკვეთოს რა უნდა გავაკეთოთ და როგორ.
პარლამენტის წევრის, რევაზ არველაძის თქმით, ელექტროენერგიის მოხმარება მუდმივად იზრდება, ხოლო ელექტროსადგურების ამოქმედება ვერ მიყვება ამ ტემპს, შესაბამისად მუდმივად იზრდება იმპორტი, ამ და სხვა პრობლემებზე სწორედ საბჭოს ფორმატში იქნება მსჯელობა.
ამის შემდეგ, საბჭოს წევრებმა, შპს „ხუდონჰესის“ ტექნიკურმა დირექტორმა, დავით მირცხულავამ და საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ცინცაძემ ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა უსაფრთხოების მონიტორინგის შესახებ მოხსენება წარმოადგინეს, სადაც ჰიდროელექტრო სადგურების ჰიდროტექნიკური ნაგებობების -კაშხლების, გვირაბების, ჰესის შენობების ჰიდრომექანიკური მოწყობილობების უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირების შესახებ ისაუბრეს.
სხდომაზე საბჭომ ასევე იმსჯელა ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ კანონპროექტის შემუშავების თაობაზე, რომელმაც უნდა შექმნას ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხო მშენებლობის და ექსპლუატაციის სამართლებრივი საფუძვლები, დაადგინოს ზედამხედველობის და ლიცენზირების უფლებამოსილი ორგანოები, განსაზღვროს ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის და ექსპლუატაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირთა წრე, დაადგინოს ჰიდროტექნიკური ნაგებობების ავარიით გამოწვეული ზარალის და ზიანის დადგენის წესი და კომპენსაციის მექანიზმები.
კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ საბჭოს წევრებს მიმართა, რომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები წერილობით მიაწოდონ კომიტეტს, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება დოკუმენტი საკანონმდებლო წინადადებად ჩამოყალიბდეს.

















