თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ბიზნეს-კონფერენცია სახელწოდებით „ესტონეთი-
ინოვაციური პლატფორმა საერთაშორისო ბიზნესისთვის“ გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ესტონეთის საელჩო საქართველოში, საააგენტო - „აწარმოე ესტონეთში“ და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭო. ღონისძიების მიზანი ქართული კომპანიებისთვის ესტონეთის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა იყო. ბიზნეს - კონფერენცია ძირითადად ინდუსტრიული მრეწველობის, IT ტექნოლოგიებისა და ლოჯისტიკის სფეროში ესტონეთის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას დაეთმო.
ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კაი კაარელსონმა და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კაჭარავამ გახსნეს. კონფერენციის ფარგლებში ესტონეთის სტარტაპ ეკო-სისტემის, საერთაშორისო ბიზნესის პერსპექტივებისა და ორი ქვეყნის ბიზნეს გარემოების ერთგვაროვნების შესახებ პრეზენტაციები გაიმართა.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ესტონურ მხარესთან აქტიურად თანამშრომლობს. ბოლო 2 წლის განმავლობაში, ესტონურ მხარესთან თანამშრომლობით თბილისში 2, ტალინში კი 1 ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ბოლო ასეთი ღონისძიება საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კელულაიდის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შედგა.
მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემების შესაბამისად, საქართველოსა და ესტონეთს შორის სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 33%-ით გაიზარდა და 9,73 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა. ექსპორტი 169%-ით გაიზარდა და 5,96 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

















