საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ფრანსუა პეშომ, მსოფლიო ბანკის „Doing
Business 2019“- ის რეიტინგში საქართველოს დაწინაურებაზე კომენტარი გააკეთა.
„ვულოცავ საქართველოს ამ მიღწევას! ეს უზარმაზარი მიღწევაა. ის ადასტურებს მთავრობის რეფორმების სისწორეს, რაც ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და კერძო სექტორის ზრდაზე დაფუძნებულ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას ემსახურება,“ - განაცხადა ფრანსუა პეშომ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით: „სამომავლოდ ხელისუფლების ამბიციური რეფორმების გეგმის განხორცილება, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა მხარს უჭერს, დიდი მნიშვნელობის იქნება უფრო მაღალი და მეტად ინკლუზიური ზრდის მისაღწევად, ასევე ეკონომიკური და ფინანსური მოწყვლადობის შესამცირებლად.“
ეკონომიკის სამინისტროს პრესასამსახურის ინფორმაციით, საქართველომ პირველად შეძლო და ქვეყნის ქულები 10 ინდიკატორიდან გაუმჯობესდა 7 ინდიკატორში და მხოლოდ 3 ინდიკატორშია უცვლელი. ამასთან, ბიზნესის დაწყების ინდიკატორში საქართველოს მაქსიმალური 100 ქულიდან 99.34 ქულა მიენიჭა.
„საქართველოს წლევანდელი წარმატება განაპირობა ქვეყნის მთავრობის ეფექტიანმა მუშაობამ. მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში რეიტინგის მიზნებისთვის აღიარებული 3 რეფორმით - ბიზნესის დაწყება, გადასახადების გადახდა და კონტრაქტების აღსრულება საქართველო მსოფლიოში რეფორმატორი ქვეყნის სტატუსს კვლავ ინარჩუნებს“-აცხადებენ სამინისტროში.

















