ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ესტონეთის ფინანსთა მინისტრს, ტომას ტინისტეს ინდონეზიაში
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ერთმანეთს საჯარო ფინანსების მართვისა და საგადასახადო სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს. საუბარი, ასევე ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებს შეეხო.
ფინანსთა მინისტრმა, ასევე ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ, სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებაც ისაუბრა.
ივანე მაჭავარიანმა ესტონელ კოლეგას მოგების გადასახადის რეფორმის მიმდინარეობა და მისი პირველი შედეგები გააცნო.
ფინანსთა მინისტრმა ესტონურ მხარეს რეფორმის დანერგვის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ესტონეთის ფინანსთა მინისტრმა ქართულ მხარესთან არსებული თანამშრომლობა პოზიტიურად შეაფასა და გამოთქვა მზაობა, ქვეყნის მხარდაჭერა გამოცდილების გაზიარების მიმართულებით მომავალშიც გააგრძელოს.

















