ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო
პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრს, თემთა პალატის წევრს ჯორჯ ჰოლინგბერის შეხვდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ორმხრივი სავაჭრო კავშირების განვითარებასა და საქართველოში ბრიტანული ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე წარიმართა.
ხაზი გაესვა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობას, რომლის ფარგლებში განიხილება სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ეკონომიკისა და ინვესტიციების მიმართულებით. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში, თბილისში უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ყოველწლიურ შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის პლატფორმის განვითარება და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა შესაძლებელი იქნება.
გიორგი ქობულიამ საქართველოში რამდენიმე თვის წინ ბრიტანეთის სავაჭრო მისიის ვიზიტი დადებითად შეაფასა, რომლის დროსაც საქართველოს მთავრობისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა. გიორგი ქობულიას განცხადებით, მსგავსი სავაჭრო მისიების ჩატარება ეკონომიკურ თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წლების მანძილზე გაერთიანებული სამეფო საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. მიმდინარე წლის 8 თვეში ორმხრივი ვაჭრობა 14 პროცენტით, ხოლო ექსპორტი - 37 პროცენტით გაიზარდა. ამავე დროს, ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ რეალური პოტენციალი გაცილებით დიდია და მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად ძალისხმევას უნდა მიმართონ. ქართული მხარის განცხადებით, ბრექსიტის მოვლენების ფონზე, საქართველო ბრიტანეთთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და კიდევ უფრო გაღრმავებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მათ შორის, ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმებების ორმხრივ ფორმატში გადატანის კუთხით. აღინიშნა, რომ შესაბამისი უწყებების ჩართულობით მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
შეხვედრაზე, ასევე განიხილეს თანამშრომლობის განვითარება ეკონომიკის სხვა სექტორებში, მათ შორის, ტურიზმში. აღინიშნა, რომ ორმხრივი ავიამიმოსვლის განვითარებამ და ახალი რეგულარული რეისების დანიშვნამ ბრიტანეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა. გასულ წელს ზრდამ 45 პროცენტი, მიმდინარე წლის 9 თვეში კი - 43 პროცენტი შეადგინა.
შეხვედრაზე ასევე ორმხრივი ბიზნეს კავშირების განვითარების ხელშეწყობაზე გამახვილდა ყურადღება.

















