ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური
თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ორგანიზებით საქართველო-გერმანიის ბიზნესისა და თანამშრომლობის ფორუმი გაიმართა.
ბიზნესფორუმი გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა, ნორბერტ ბარტლიმ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ გახსნეს.
აღნიშნული ფორუმის ფარგლებში, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. ფორუმის ფორმატი გარდა ოფიციალური გახსნისა, სამ სექტორულ პარალელურ სესიას ითვალისწინებს: მრგვალი მაგიდის ფორმატის მოლაპარაკებები ლოგისტიკისა და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის საკითხებზე; ტურიზმსა და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე; პროფესიულ განათლებაზე. მოცემული მიმართულებით თითოეული შესაბამისი უწყება გერმანული აუდიტორიისთვის ქვეყანაში ხსენებული მიმართულებით არსებული სტრატეგიისა და ვითარების შესახებ პრეზენტაციას გამართავს.
ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში 20 ქართულ კომპანიას საშუალება ექნება გერმანულ კომპანიებთან ე.წ. B2B შეხვედრები გამართოს.

















