ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია საქართველო-გერმანიის ბიზნეს
ფორუმზე, რომელიც მაინის ფრანკფურტში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, მოხსენებით გამოვიდა.
ბიზნეს ფორუმს ასევე გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს საპარლამენტო მდივანი ნორბერტ ბარტლე, გერმანიის საინვესტიციო კორპორაციის (DEG) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე, კრისტინ ლაიბახი, აგრეთვე საქართველოსა და გერმანიის საქმიანი წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველო-გერმანიის ურთიერთობას განსაკუთრებული უწოდა და აღნიშნა, რომ გერმანიამ განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში არაერთხელ ითამაშა. გიორგი ქობულიას განცხადებით, გერმანია საქართველოს მეორე მსხვილი დონორი ქვეყანაა, რომელმაც 1992 წლიდან დღემდე ჩვენს ქვეყანას 820 მლნ ევროს დახმარება გამოუყო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას კი ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA) მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. გიორგი ქობულიას თქმით, გერმანია ასევე ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა. ამავე დროს, მინისტრის განცხადებით, ქვეყნებს შორის პოტენციალი დიდია და ამდენად, ორივე ქვეყნის ძალისხმევა ამ მიმართულებით უნდა იყოს მიმართული.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მთავარი მიზანსაც ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა წარმოადგენს. მისი თქმით, საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით რეგიონის ლიდერი ქვეყანაა, რაზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებები მეტყველებს. გიორგი ქობულიას ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა თანამიმდევრული და წარმატებული რეფორმების განხორციელებას განაგრძობს და ბიზნეს-მეგობრული გარემო შიდა და საერთაშორისო ინვესტიციების წასახალისებლად განავითარებს.
კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გაამახვილა ყურადღება, საქართველოს მთავრობის სტრატეგიაა ქვეყანა საფინანსო, სატრანსპორტო-ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ ჰაბად ჩამოყალიბების შესახებ, რასაც ბიზნეს ფორუმზე დიდი ინტერესი მოჰყვა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს აქვს მრავალფეროვანი ბიზნეს შესაძლებლობები, რომლებსაც სთავაზობს მათ, ვინც ეძებს ახალ საინვესტიციო მიმართულებებს, მათ შორის, ქვეყნის ისეთ სწრაფად მზარდ სექტორებში, როგორებიცაა განახლებადი ენერგია, სასტუმრო და ტურიზმი, უძრავი ქონება, წარმოება, ბიზნეს პროცესის აუთსორსინგი, ლოგისტიკა და სხვა.
მოხსენების დასასრულს, გიორგი ქობულიამ გერმანული ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია.

















