საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“ რიგით მეხუთე საგრანტო კონკურსს აცხადებს და
სოციალური საკითხების მოგვარების, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით სოციალური საწარმოს პროექტებს დაფინანსებს.
საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალური საკითხების მოგვარებას, რაც წარმატებული სოციალური საწარმოების დაფუძნებისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების გზით მიიღწევა.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სოციალური საწარმოს ის პროექტი, რომელსაც ორმაგი მიზანი ექნება − ეკონომიკური და სოციალური (მათ შორის, სოციალური უმთავრესია). ეკონომიკური მიზანი უნდა იყოს მეორე, უფრო მნიშვნელოვანი მიზნის − სოციალური კეთილდღეობის − მიღწევის წინაპირობა.
საწარმოს საქმიანობიდან მიღებული მოგება სოციალური ან გარემოსდაცვითი პრობლემის გადაჭრას უნდა მოხმარდეს. ამასთან, სოციალური საწარმოს იდეა უნდა იყოს მდგრადი და გრანტის სახით მიღებული დაფინანსების დასრულების შემდგომ უნდა შეძლოს დამოუკიდებლად ფუნქციონირება და განვითარება.
კონკურსში მონაწილეობის მთავარი პირობები: https://www.tree.ge/competition/
თითოეულ პროექტზე გასაცემი გრანტის ოდენობა შეადგენს მაქსიმუმ 50 000 ლარს.
პროექტის იდეა უნდა ეფუძნებოდეს გრძელვადიან, მდგრადი განვითარების გეგმას და არ უნდა ატარებდეს ერთჯერადი პროექტის სახეს;
საწარმოს ფუნქციონირების დაწყებისთანავე უნდა დასაქმდეს მინიმუმ 1 შშმ პირი;
პროექტის განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა შესაძლებელია ონლაინ ფონდ „სიცოცხლის ხის“ ვებგვერდზე: www.tree.ge
პროექტს უნდა ერთვოდეს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
· ბიუჯეტის ფორმა;
· აქტივობების კალენდარი (დროის გეგმა);
· პროექტის ხელმძღვანელების რეზიუმე (CV);
· მოგება-ზარალის უწყისი;
· საპრეზენტაციო ფორმა და
· სხვა დამატებითი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
კომპეტენტური ჟიური შეარჩევს და „საქართველოს ბანკის ფონდი“ დააფინანსებს სოციალური საწარმოს მდგრად პროექტებს. ჟიური დაკომპლექტდება შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებით.
დეტალური პირობები
საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყება 2018 წლის 10 აგვისტოს.
საკონკურსო პროექტის მიღება დასრულდება 2018 წლის 26 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე.
შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში გამოცხადებულ კონკურსებში შეირჩა და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით საერთო ჯამში 400 000 ლარით დაფინანსდა 10 სოციალური საწარმოს პროექტი. საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების ნაწილი უკვე ამოქმედდა და დარჩენილი ნაწილი 2018 წლის ბოლომდე გაიხსნება ლაგოდეხში, წნორში, ნუკრიანში, საგურამოში, კასპში, გარიყულაში, ბათუმსა და თბილისში.
შეკითხვის შემთხვევაში მოგვმართეთ ელფოსტის მისამართზე: grants@tree.ge
ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 2444 493

















