თბილისში, ზაჰესის ტერიტორიაზე, ახალი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა.
ობიექტი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გახსნა.
საწარმოს ხელმძღვანელების თქმით, სამაცივრე მეურნეობა ჰოლანდიური ტექნიკითაა აღჭურვილი, მასში 32 მაცივარია განთავსებული და 8 ათასი ტონა ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. ობიექტი ტემპერატურული რეჟიმის, ტენიანობისა და ატმოსფერული კონტროლის კომპონენტს აერთიანებს, რაც ხილის და ბოსტნეულის ხანგრძლივი შენახვისთვის აუცილებელია.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსგავსი ობიექტების აშენება მთელი საქართველოს მასშტაბით იგეგმება, რაც ქვეყანას იმპორტის შემცირების და ბაზრის ადგილობრივი პროდუქციით გაჯერების შესაძლებლობას მისცემს.
„უნდა გავაგრძელოთ ასეთი მაცივრებისა და გადამამუშავებელი მეურნეობების ამოქმედება, რათა გლეხებმა მოგება მიიღონ, ხოლო დედაქალაქის მოსახლეობამ ზამთარში ქართული, მაღალხარისხიანი პროდუქცია იაფად შეიძინოს და იმპორტული საქონლის შემოტანა აღარ მოგვიწიოს“-განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში, მინიმუმ, 500 მსგავსი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი უნდა აშენდეს.

















