ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საინფორმაციო კამპანიაში
კერძო სექტორი ჩაერთო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს რამდენიმე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და 6 კომპანიის - ს.ს. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“, შპს. „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს. „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას“, სს „გუდვილის“ და ს.ს. „ნიკორა ტრეიდის“ წარმომადგენლებმა მოაწერეს.
საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა მიმდინარე წლის 1-ლ იანვარს დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება. მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან რეფორმის მე-3 ეტაპი მიმდინარეობს, რომლის მიხედვით ტექინსპექტირებას ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება, რომელთა ძრავის მოცულობა 3000 კუბურ სანტიმეტრი ან ან მეტია. მომავალი წლის პირველი იანვრიდან ტექინსპექტირების გავლას ყველა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პრესსამსახურის ცნობით, რეფორმის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის აქტიური საინფორმაციო კამპანია (ტელევიზია, რადიო, სოცქსელები) მიმდინარეობს, თუმცა, უფრო მეტი შედეგის მისაღწევად საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო აქციების ჩატარებაა დაგეგმილი, რომლის განხორციელების პროცესშიც კერძო სექტორი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩაერთვება. მემორანდუმი ღიაა და ტექინსპექტირების რეფორმის მხარდამჭერ საინფორმაციო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა სხვა კომპანიებსაც ექნებათ.
როგორც მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა, რეფორმის ფარგლებში საზოგადოებასთან დროული და სწორი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მზადყოფნა გამოთქვა, რეფორმის ფარგლებში ჩვენთან ითანამშრომლოს. ვფიქრობთ, რომ ბიზნესისა და საჯარო სექტორების თანამშრომლობით ჩვენ ერთად მივაღწევთ დასახულ მიზანს და რეფორმა იქნება წარმატებული,“ - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.
„მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილების ტექინსპექტირების რეფორმის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას მიეწოდოს მაქსიმალურად ეფექტურად, რათა ის რეფორმას შეხვდეს მომზადებული. ის 6 კომპანია, რომელმაც დღეს მემორანდუმს მოაწერა ხელი, მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ მათ სავაჭრო ქსელებში, მათ ობიექტებში ყველგან განთავსდეს ინფორმაცია ტექინსპექტირების რეფორმის შესახებ. ეს სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის კარგი მაგალითია,“ - განაცხადა სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა.

















