თიბისი ბანკი ზაზა ოქუაშვილის განცხადებას ეხმიანება
.
ბანკის იურიდიული სამსახურის უფროსის, ეკა ეგუტიას განცხადებით, ოქუაშვილის მიერ დასახელებული ტრანზაქცია სამუშაო საათებში განხორციელდა და კომპანიის მენეჯმენტზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
„ეს კომპანია არის ქართული შპს, ყველა სადამფუძნებლო დოკუმენტაცია წესრიგში აქვს, სათანადოდ რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროში. არავითარი საეჭვო არ აღინიშნებოდა ამ კომპანიის დოკუმენტაციაში.
მსგავსი ტრანზაქციები ჩვენს მსხვილ ფილიალებში ყოველ დღე ხორციელდება . გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მსგავს ტრანზაქციებში არ მონაწილეობენ, ამიტომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზეწოლა ხორციელდებოდა მათზე, სიმართლეს არ შეესაბამება. ყველა ტრანზაქცია კომერციული ბანკებისთვის დადგენილი ნორმების დაცვით, სამუშაო საათებში განხორციელდა, რადგან ეს ფილიალი საღამოს 8 საათამდე მუშაობს. კომპანიამ განკარგა საკუთარი სახსრები კანონის მოთხოვნების დაცვით.
აღნიშნული თანხა, ამ შემთხვევაში, მარჯანიშვილის ფილიალში ხელმისაწვდომი იყო და ბანკი კლიენტს იმავე დღეს მოემსახურა,“ - განაცხადა ეკა ეგუტიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა ტრანზაქცია, რომლის თანხაც 30 000 ლარს აღემატება და საეჭვოა ფინანსური მონიტორინგის სამსახურში რეპორტდება .
„თიბისი ბანკი“ აღნიშნულ თემებზე სათანადო სამართლებივი რეაგირების მოხდენას აპირებს.

















