ენერგეტიკის დარგში არსებული კანონმდებლობის რევიზიისა და ასოცირების ხელშეკრულებიდან
გამომდინარე საკანონმდებლო ჰარმონიზაციის საკითხებზე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით სასტუმრო „რუმსში“ ჩატარდა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ მიიღო.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ევროკავშირის ეგიდით ენერგეტიკული ბაზრის კონცეფციის ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების საკითხებზე მუშაობს. ამ პროცესში ეკონომიკის სამინისტრო აქტიურადაა ჩართული. დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ ახალი ბაზრის კონცეფციის განხილვას ეძღვნებოდა,“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ნათია თურნავამ.
მისი თქმით, ეს კონცეფცია ითვალისწინებს ბაზრის გახსნილობას და კონკურენტულობას.
„საქართველო გარდაიქმნება რეგიონულ ჰაბად სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით, მათ შორის ენერგეტიკული ვაჭრობისა და ენერგობაზრის თვალსაზრისით. აქ ელექტროენერგიით ვაჭრობა მთელი რეგიონის მასშტაბით თავისუფლად იქნება შესაძლებელი, რომ ჩამოყალიბდეს ობიექტური, კონკურენტული ფასი და უფრო მეტად იყოს დაცული მომხმარებელი, რადგან კონკურენცია ყოველთვის ბადებს უფრო ოპტიმალურ ფასს და მეტ ხარისხს. ეს მომენტები იქნება სწორედ ამ რეფორმაში გათვალისწინებული,“ - აღნიშნა თურნავამ.
„რუმსში“ გამართულ შეხვედრას პარლამენტის წევრებთან ერთად, მთავრობის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.

















