საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტის, მიხეილ ჭელიძის განცხადებით მნიშვნელოვანია,
რომ ახალი საბაჟო კოდექსის მიხედვით დეკლარირება გამარტივდება და ეს პროცესი ოფისიდან გაუსვლელად მოხდება.
მისივე თქმით, სიახლის კიდევ ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ კოდექსს თავდებობის კომპონენტი ემატება.
ამის შესახებ ჭელიძემ საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესთან“ საუბრისას განაცხადა.
„მთლიანობაში ძალიან კარგი ინიციატივაა. საბაჟო კოდექსის დახვეწა ხდება, რათა ევროკავშირის ქვეყნებთან მოვიდეს შესაბამისობაში. ასევე იმისთვის, რომ უფრო მარტივად მოხდეს ელექტრონული დეკლარირება, ოფისიდან გაუსვლელადაც კი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, კარგია თავდებობის კომპონენტი რომ შემოვიდა. თუ, დავუშვათ, აკრედიტირების დროს გარანტიებს ითხოვს საბაჟო, ამ შემთხვევაში თავდებობის გაკეთება ბანკის გარეშეც შეიძლება, რაც ამარტივებს პროცედურას და აიაფებს პროდუქტს. ეს ორი ძირითადი მომენტია, რომელიც სახეზე გვაქვს და ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან კარგი ინიციატივაა“- განაცხადა ჭელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ფინანსთა მინისტრმა ახალი საბაჟო კოდექსის პრეზენტაცია გამართა.
კანონპროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს საბაჟო პროცედურების გამარტივების მიმართულებით:
• შემოდის მარტივი გაფორმების ახალი წესები და დეკლარირების ფორმები;
• იქმნება გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების შესაძლებლობა;
• საბაჟო გადაწყვეტილების მიღების დროს, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მეწარმის ინტერესები;
• ბიზნესის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება გარანტიის ახალი სახის (თავდებობა) გამოყენება;
• იქმნება მნიშვნელოვანი წინაპირობა, ბიზნესმა გამარტივებული საბაჟო პროცედურებით ისარგებლოს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში.

















