საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი ახალ საბაჟო კოდექსს აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს
კოდექსი საქართველოს, უცხოური ინვესტიციებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
„პირველ რიგში, მისასალმებელია, რომ საბაჟო ურთიერთობებს ცალკე, სპეციალური კანონი მოაწესრიგებს, რაც რეგულაციების ხშირი ცვლილებისაგან დაცვის ერთგვარი გარანტიაა და სტაბილურ საკანონმდებლო სივრცეს განაპირობებს საბაჟო სფეროში.
რაც შეეხება კოდექსის პროექტის შინაარსობლივ ნაწილს, საგულისხმოა, რომ იგი ერთგვარი სინთეზია საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების სფეროში ბოლო პერიოდში გატარებული წარმატებული რეფორმებისა და მოწინავე ევროპული რეგულაციების, რაც ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს.
ცნობილია, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში ერთ-ერთ ბარიერს სწორედ ქვეყნებს შორის განსხვავებული საბაჟო და საგადასახადო რეგულირება წარმოადგენს. ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი საბაჟო კოდექსის მიღება კი უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს უცხოური ინვესტიციებისთვის და ქართული და ევროპული ბიზნესის ინტეგრაციას შეუწყობს ხელს“-განუცხადა „ნიუსპრესს“ ძნელაშვილმა.

















