ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საქართველოში
მიწისქვეშა გაზსაცავი ინფრასტრუქტურის აშენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, გაზსაცავი მოსახლეობისათვის გაზის უპრობლემოდ მიწოდების საშუალებას იძლევა.
"მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი საშუალებას მოგვცემს, რისკებისგან თავი დავიცვათ – უეცრად შეგვიწყდეს გაზის მიწოდება. პროექტი კომერციულადაც მომგებიანია, რადგან დაბალი ტარიფის შემთხვევაში, შეგვეძლება გაზის ყიდვა და მისი მოხმარება მაშინ, როდესაც ტარიფი მაღალი იქნება", – განაცხადა ქობულიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა, რომ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის დაიდება 150 მილიონი ევროს ღირებულების სასესხო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აშენდება მიწისქვეშა გაზსაცავის ინფრასტრუქტურა.

















