საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ „მეოთხე მუხლით
გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში“ საქართველოს ეკონომიკის შეფასება დაამტკიცა. და „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ (Extended Fund Facility) საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვა დაასრულა.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, სასტუმრო „ქორთიად მარიოტში“ ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც მედიის წინაშე განცხადებები გააკეთეს ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივნის წარმომადგენელმა საქართველოში, ფრანსუა პეშომ.
ფინანსთა მინისტრის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, პროგრამის მეორე მიმოხილვის დამტკიცებით ხაზგასმულია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ქვეყანაში მიღწეული პროგრესი და ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯები.
„ჩვენთვის საამაყოა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გვაქვს ძალიან წარმატებული პროგრამა. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულად იზიარებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას, ეკონომიკურ რეფორმებს, რომელიც მიმართულია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისკენ, სადაც კერძო სექტორს ექნება მნიშვნელოვანი წარმმართველი როლი. ჩვენი პარტნიორები დადებითად აფასებენ მთავრობის პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია მიმდინარე ხარჯების კონტროლზე, ხოლო გამოთავისუფლებული თანხები მიმართულია კაპიტალური ხარჯების ზრდის, დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების და ფისკალური დეფიციტის შემცირებაზე,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ.
მისივე თქმით, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების გამოკვეთილი ტენდენცია უზრუნველყოფს სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს და ქმნის ქვეყნის მდგრადი განვითარების ზრდის საფუძველს.

















