დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით 2017 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინა.
ანგარიში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა თამთა ტეფანაძემ წარმოადგინა. მან საანგარიშო პერიოდში სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის ანალიზი გააკეთა, ისაუბრა მომხმარებელთა საჩივრების სტატისტიკასა და მათზე საზოგადოებრივი დამცველის მიერ გატარებულ სამართლებრივ რეაგირებებზე. ასევე, ისაუბრა მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით განხორციელებული აქტივობების შესახებ. მომხსენებელმა დეპუტატებს გააცნო მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებისა და მათი ინფორმირებულობისათვის მათ მიერ განხორციელებული ღონისძიებები.
კომიტეტის წევრთა აზრით სასურველი იქნებოდა, რომ ანგარიშის წარდგენას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენელიც დასწრებოდა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ კომუნიკაციების სფეროში ხშირ შემთხვევაში შეუსაბამობაა მომსახურების საფასურსა და მიღებული მომსახურების ხარისხს შორის, ამიტომ დეპუტატების აზრით აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დამატებით სამუშაო შეხვედრა უნდა გაიმართოს.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას რეკომენდაციით, საზოგადოებრივი დამცველის მომავალი ანგარიში, უფრო ინფორმაციული უნდა იყოს. „გთხოვთ, შემდეგში, თქვენს მიერ წარმოდგენილ ანგარიშში ძალიან მკაფიოდ იყოს ასახული იმ ძირითადი გამოწვევების ჩამონათვალი, რომელსაც თქვენ ხედავთ და თითოეულთან მიმართებაში თქვენი მცდელობების შესახებ ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიში ჩვენთვის არ იქნება მისაღები“, - განაცხადა რომან კაკულიამ.
ასევე, კომიტეტის წევრებმა მომხსენებელს მიმართეს, რომ მეტი აქტიურობაა საჭირო, რომ მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და ზოგადად ამ სამსახურის თაობაზე მეტად ინფორმირებული იყოს საზოგადოება. კომიტეტმა გამოხატა მზადყოფნა, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად დაეხმაროს. საკითხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტმა მოსმენილი ანგარიში ცნობად მიიღო.
კომიტეტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი კონკურსის შედეგად შერჩეული მარინე მინდორაშვილის, ირაკლი აფხაიძის, სიმონ გელაშვილის და ოთარ ანგურიძის კანდიდატურები განიხილა.
კანდიდატები კომიტეტს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ წარუდგინა, კომიტეტმა მოუსმინა თითოეულ კანდიდატს, რომლებმაც თვითონ წარმოადგინეს თავისი ბიოგრაფიები და სამომავლო ხედვები ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში. ამის შემდეგ ფარული კენჭისყრა გაიმართა, სადაც დეპუტატების მხარდაჭერა მარინე მინდორაშვილმა, ირაკლი აფხაიძემ და სიმონ გელაშვილმა მიიღეს.
დღევანდელ სხდომაზე კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა. მომხსენებელმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ კანონპროექტის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა სასესხო-საკრედიტო ურთიერთობებში და მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირება.
გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა კომიტეტს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო-აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი A)“ და „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო-აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი B) ფინანსურ ხელშეკრულებაში №2 ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელსაც კომიტეტმა განხილვის შემდეგ მხარი დაუჭირა.
საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა კომიტეტს მესამე მოსმენით განსახილველად წარუდგინა პარლამენტის წევრების: ირაკლი სესიაშვილის, ბექა ოდიშარიას და ოთარ ჩრდილელის მიერ საკანონმდებლო ინიციატივა, „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი. დოკუმენტის მიხედვით საჰაერო კოდექსში დაზუსტდება ნორმა, რომელიც ითვალისწინებს დასახლებულ ადგილებზე სადემონსტრაციო ფრენებთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ ფრენის წესის შემუშავებას. მომხსენებლის თქმით მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტში რაიმე სახის ცვლილება არ განხორციელებულა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

















