დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა რუსთავის
მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში გასვლითი სხდომა გამართა. განხილვის მთავარ თემას საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკის განხორციელების ძირითადი მიმართულებები და აღნიშნულ საკითხზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხედვის გაცნობა წარმოადგენდა.
სხდომის მონაწილეებს კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიესალმა, რომელმაც ინდუსტრიული პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობაზე და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში, მის გავლენაზე ისაუბრა.
„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სწრაფი ეკონომიკური ზრდა და მსოფლიოში ყველა ეკონომისტი თანხმდება იმაზე, რომ მისი მიღწევა მკაფიო ინდუსტრიული პოლიტიკის განსაზღვრის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტების და ტურიზმის განვითარება თუ არ შეივსო ინდუსტრიული პოლიტიკით, რომელიც უკვე მნიშვნელოვან კონტრიბუციას გაუკეთებს მთლიანად ამ პროცესს და ეკონომიკურ ზრდას, მაშინ ჩვენ ვერ მივიღებთ სიღარიბის შემცირების მძლავრ ტენდენციას. დღევანდელ სხდომაზე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მაგალითზე ჩვენ გვინდა მოვისმინოთ ეკონომიკის სამინისტროს ხედვა, როგორც ინდუსტრიის ასევე სხვა მიმართულებებთან დაკავშირებით. ასევე თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მნიშვნელოვანი სტრატეგია, რომელიც მათ აქვთ შემუშავებული“, - განაცხადა რომან კაკულიამ.
კომიტეტის გასვლითი სხდომის რუსთავში გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ბეგაძემ. მისი განცხადებით, რუსთავს სრული პოტენციალი გააჩნია როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე პროფესიონალი სპეციალისტების თვალსაზრისით, რათა ქალაქში ინდუსტრიული პროექტები განხორციელდეს და რუსთავს კვლავ დაუბრუნდეს მისი ფუნქცია და სტატუსი. მისივე განცხადებით, ყოველივე ამისთვის მნიშვნელოვანია რომ რუსთავში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოეწყოს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს.
კომიტეტის წევრებს მისასალმებელი სიტყვით ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გრიგოლ ნემსაძემ და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ მიმართეს, რომლებმაც ქალაქის და მთლიანი რეგიონის პოტენციალსა და მის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
კომიტეტის გასვლით სხდომაზე, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების (თიზ) განვითარების მიმართულებებზე ვრცელი მოხსენება წარმოადგინა ეკონომიკსა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა. მისი ინფორმაციით, დღესათვის საქართველოში 5 თეზი ფუნქციონირებს, რომელთა მუშაობა წარმატებულად შეიძლება შეფასდეს. მინისტრის მოადგილემ სტატისტიკური მონაცემებიც წარმოადგინა და აღნიშნა, რომ თიზ-ში მუდმივად 1000, ხოლო სეზონურად 2500-მდე ადამიანია დასაქმებული. ინდუქსტრიულ ზონებში დაახლოებით 250 მლნ. დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელდა და იგეგმება დამატებით 150 მლნ. ინვესტირება. მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს თვითოეული თეზ-ის პოტენციალზე ინფორმაცია მიაწოდა და მათ სამრეწველო საქმიანობაზე ისაუბრა.
თიზ-ის დაწესებულ საგადასახადო შეღავათებზე ისაუბრა თავის გამოსვლაში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა.
მისი ინფორმაციით, ქართული კანონმდებლობის თანახმად, მოგების გადასახადის ნულოვანი რეჟიმი მოქმედებს მხოლოდ იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესით საქმიანი ურთიერთობები არ აკავშირებთ საქართველოსთან. მისივე განცხადებით, საგადასახადო შეღავათები შემდეგნაირად ნაწილდება:
უცხოური საქონლის შეტანა არ იბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით;
განხორციელებული ოპერაციები არ იბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით;
მოქმედებს ქონების გადასახადის ნულოვანი რეჟიმი;
ანგარიშსწორება ხდება ნებისმიერი ვალუტით;
დაქირავებულისთვის გადახდილი თანხა არ იბეგრება;
თიზ-ბს საგადასახადო რისკები სრულად განულებული აქვთ.
კომიტეტის სხდომა საზღვარგარეთის ქვეყნების თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მუშაობის სპეციფიკის გაცნობით გაგრძელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა, სოლომონ სონღულაშვილმა ვრცელი პრეზენტაცია წარმოადგინა, რომელმაც მსოფლიოს 9 ქვეყნის მაგალითზე და მათი საგადასახადო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. საქართველოში თიზ-ის საქმიანობაზე, მიღწულ წარმატებებზე და არსებულ გამოწვევებზე, უშუალოდ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების წარმომადგენლებმა ისაუბრეს. ქუთაისის თიზ-ის (ჰუალინგი) აღმასრულებელმა დირექორმა სოსო ნიბლაძემ და თბილისის თიზ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ტაბიძემ კომიტეტის წევრებს აღნიშნული თიზ-ების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნეს.
სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებმა და დამსწრე საზოგადოებამ მოსაზრებები გამოთქვეს და საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.
სხდომის დასასრულს, რომან კაკულიამ საკითხის აქტუალურობიდან და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომიტეტის წევრებს სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რაც კომიტეტის მხრიდან მოწონებული და მხარდაჭერილი იქნა.
„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა განახლებას საჭიროებს. მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით, ამ პროცესს კარგი საფუძველი ჩაეყარა, თუმცა ახალ-ახალი გამოწვევები შემოდის, რომლებზეც ადეკვატური რეაგირებაა საჭირო. საქართველოში თიზ-ის განვითარების საკითხზე დეტალური მსჯელობის გაგრძელება მნიშვნელოვანი პროცესია და მიმაჩნია, რომ კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნით ამ თემის საფუძვლიანი შესწავლა მოხდება“, - განაცხადა სხდომის დასასრულს კომიტეტის თავმჯდომარემ.

















