საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო ფინანსების სფეროში დასაქმებული მოხელეებისათვის და სხვა
დაინტერესებული პირებისათვის საჯარო სექტორში ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების სასწავლო კურსი დაიწყო.
კურსის მიზანი საჯარო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების შედგენის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ნორმებისა და წესების შესწავლაა.
სასწავლო კურსი 3 კვირას გაგრძელდება და მსმენელებს საშუალებას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა საჯარო სექტორში ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების მიმართულებით.
სასწავლო კურსის გავლისა და ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემდეგ საჯარო აუდიტის ინსტიტუტი მსმენელს შესაბამის დიპლომს გადასცემს.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბაზაზე 2011 წელს ჩამოყალიბდა. ინსტიტუტი საჯარო სექტორის აუდიტორთა პროფესიულ განვითარებასა და ამით საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
ინსტიტუტში მუშაობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე აგებული სასერტიფიკაციო და ტრენინგ პროგრამები.
ინსტიტუტის ექსკლუზიური ფუნქციაა საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირება.
სასერტიფიკაციო პროგრამის გავლისა და შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ სერტიფიცირებულ პირებს ენიჭებათ საჯარო სექტორში აუდიტორული საქმიანობის უფლება.
საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების წესი და პირობები საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა 2013 წელს დაამტკიცა.

















