პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის
განცხადებით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების ამოქმედება ინვესტორებისთვის დამატებით გარანტიებს ქმნის.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას განაცხადა.
„ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების ამოქმედება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მყარი სამართლებრივი საფუძველია, რაც ინვესტორებისთვის დამატებით გარანტიებს ქმნის. ველოდებით, რომ აღნიშნული შეთანხმება მნიშვნელოვნად გაზრდის ინვესტიციების მოცულობას არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან,” - განაცხადა ქუმსიშვილმა.
შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ძალაში 8 აპრილს შევიდა. ის მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა არადისკრიმინაციულობა, თანაბარი და სამართლიანი მოპყრობა, სუბროგაცია, ექსპროპრიაცია და დავის მოგვარების მექანიზმები.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი ქვეყანაა. 2017 წლის მონაცემებით, ის განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის მიხედვით, სიდიდით მე-7-ე იყო. პირველი ინვესტიცია საამიროებიდან 2003 წელს განხორციელდა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამ დროისათვის ჯამში, აღნიშნული ქვეყნიდან შემოსულმა ინვესტიციამ 800 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

















