სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით და
GIZ-ის მხარდაჭერით, დღეს „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც შედგება დისკუსია თემაზე „კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები.“
შეხვედრის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პრეზენტაციები თემებზე: უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა, ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის ქვესაბჭოს მიზნები/ამოცანები, ინფორმაცია SME POLICY INDEX-თან მიმართებით OECD-სა და „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე. შეხვედრაშიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე მიიღებს მონაწილეობას.
კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო „2016-2020 წლების საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით შეიქმნა. მისი მიზანია კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის დიალოგის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა.
საბჭო, როგორც საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის და თანმშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პლატფორმა, უზრუნველყოფს რეგულარული და სტრუქტურირებული დიალოგის წარმოებას, რაც ეხმარება მთავრობას, შეიმუშაოს ეფექტიანი პოლიტიკა კერძო სექტორის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისთვის. ამასთან, რეგულარული დიალოგის მექანიზმი ხელს შეუწყობს კერძო სექტორსა (მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის წარმომადგენლებს) და მთავრობას შორის ნდობის გაზრდას და პროგნოზირებადი გარემოს ჩამოყალიბებას.

















