"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - "აფბა" 20 ლარიანი ენერგოვაუჩერების დარიგების შესახებ პრეზიდენტის ინიციატივას აპროტესტებს.
ორგანიზაციის პრეზიდენტის ნოდარ ჭიჭინაძის განმარტებით, გასულ წელს მთავრობამ ვაუჩერების დარიგება იმით ახსნა, რომ ქვეყანაში ინფლაცია იყო და ამით მოსახლეობისთვის ინფლაციით გამოწვეული ზარალის კომპენსირება სურდა.
"წელს მსგავს ფაქტთან საქმე არ გვაქვს. შესაბამისად, ხელისუფლება ან აცნობიერებს, რომ ქვეყანაში უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობაა, ან ეს უბრალოდ, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია", - განაცხადა მან.
ორგანიზაციის წევრები ხელისუფლებას სტუდენტების დასაქმების ინიციატივასაც უწუნებენ და ამბობენ, რომ მსგავს ნაბიჯებს ხელისუფლება მხოლოდ წინასაარჩევნოდ დგამს.
"თუ მთავრობას რეალურად სურს, რომ სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას რამე შეღავათი გაუკეთოს, "აფბა" მთავრობას მიმართავს ინიციატივით, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, სოციალურად დაუცველ ფენას მიეკუთვნებიან, საშემოსავლო გადასახადი გაუუქმდეს," - განაცხადა ჭიჭინაძემ.

















