საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის ვერა მერსედეს მარტინის განცხადებით,
საქართველოში გატარებული სტრუქტურული ცვლილებები ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას ემსახურება, რომელიც თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე აისახება.
ამის შესახებ მარტინიმ პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ჩვენ ველოდით. ჩვენ სათაო ოფისს მივაწვდით განახლებულ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და ეკონომიკური ზრდის ტემპების შესახებ.
ეკონომიკის სამინისტროში ძალიან პროდუქტიული საუბარი გვქონდა სტრუქტურული რეფორმების შესახებ. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გატარებული სტრუქტურული ცვლილებები ემსახურება საქართველოში ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას, რომელიც თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე აისახება“ - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა.

















