ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცახდებით, მისი უწყების ძირითადი მიზანი, მსოფლიო
ეკონომიკაში ქვეყნის ეკონომიკის მაქსიმალურად ეფექტიანად ინტეგრირებაა.
ამის შესახებ ბახტაძემ სააგენტო „ბლუმბერგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, როგორ უწყობს ეკონომიკურ ზრდას ჩინეთთან და ევროკავშირთან ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა.
„თუ შეხედავთ 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას, ის მაღალი იყო. ჩვენი მიზანია, წელსაც რაც შეიძლება მეტად გავზარდოთ უცხოური ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს წარმატებული გამოცდილება ინვესტიციების მოზიდვის კუთხით განსაკუთრებით ენერგოსექტორში, თუმცა მოხარულები ვართ, რომ დაინტერესება დიდია ეკონომიკის ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ფინანსური სექტორი, სასტუმროების ბიზნესი, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში. დიდი დაინტერესებაა, ამერიკული, ევროპული და აზიური კომპანიების მხრიდან. მინდა აღვნიშნო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე პროექტებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტით, საქართველო ხდება მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონის სატრანსპორტო სექტორში“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

















