პარტია „ახალი მემარჯვენეები“ ხელისუფლებას ფარმაცევტული კომპანიებისთვის ანტიმონოპოლიური რეგულაციების ამოქმედების წინადადებით მიმართავს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალი მემარჯვენეების“ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა ლევან კალანდაძემ განაცხადა, საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი მონოპოლიზებულია და მიუხედავად იმისა, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების 70 მწარმოებელი, ათეულობით იმპორტიორი კომპანია და 2 400 აფთიაქია, წამლებზე ფასს 2 მონოპოლისტი კომპანია – „ავერსი“ და “PSP”აწესებს.
„მაშინ, როცა ქვეყანაში მოქმედი 2 400 აფთიაქიდან ეს 2 კომპანია მხოლოდ 383 აფთიაქს, ანუ აფთიაქების საერთო რაოდენობის მხოლოდ 16%–ს ფლობს, ის მთელი ბაზრის ბრუნვის დაახლოებით 80%–ს აკონტროლებს. მედიკამენტების ადგილობრივი წარმოების 88% ისევ და ისევ მხოლოდ 2 კომპანიაზე – „ავერსსა“ და „PSP“-ზე მოდის“- განაცხადა კალანდაძემ და აღნიშნა, რომ „ავერსი“ და „PSP“ ახორციელებენ მედიკამენტების იმპორტს, მედიკამენტების ადგილობრივ წარმოებას და მედიკამენტების საცალო რეალიზაციას. ამას გარდა, ფლობენ სადაზღვევო კომპანიებსა და საავადმყოფოებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„ფარმაცევტულ სფეროში ამგვარი მონოპოლია პირდაპირ აისახება მედიკამენტების ფასზე და თითოეული ჩვენგანის მიერ ჯანდაცვაზე გაწეულ ხარჯებში მედიკამენტების ხვედრით წილზე“- აღნიშნა კალანდაძემ და დასძინა, რომ საქართველოში მედიკამენტებზე ფასნამატი ერთ–ერთი ყველაზე მაღალია ევროპაში და საშუალოდ 102%–ს შეადგენს, მაშინ, როცა წამლებზე საშუალო ფასნამატი იტალიაში 49%, საბერძნეთში 46%, ჩეხეთში 35%, პოლონეთსა და უნგრეთში კი, 27%–ია.
პარტიაში მიაჩნით, რომ ხელისუფლება პირდაპირ ახალისებს და ხელს უწყობს მონოპოლისტ კომპანიებს შეინარჩუნონ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა და შესაბამისად, სრულად აკონტროლონ ფასები მედიკამენტებზე.
„მივმართავთ ხელისუფლებას რეალურად ამოქმედდეს ანტიმონოპოლიური რეგულაცია ფარმაცევტული კომპანიებისათვის, მკვეთრად გაიმიჯნოს ფარმაცევტული საქმიანობა ისეთი სფეროებისგან, როგორებიცაა სადაზღვევო საქმიანობა და ჰოსპიტალური სფერო“- განაცხადა კალანდაძემ და აღნიშნა, რომ მედიკამენტების იმპორტიორ, მწარმოებელ და რეალიზატორ კომპანიებს უნდა აეკრძალოთ სადაზღვევო კომპანიებისა და საავადმყოფოების ფლობა.

















