კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე "სიტროენ ჯორჯიას" ბრალდებას ეხმაურება, რომლის
მიხედვითაც ტენდერებში კორუფციის ნიშნები არსებობს.
როგორც ნოდარ ხადური განმარტავს, აღნიშნულ საკითხზე საჩივარი საგენტოში მიღებულია და გარკვეული ინფორმაციის დასაზუსტებლად მხარეებს წერილებიც დაეგზავნათ.
მისივე ინფორმაციით, უწყებას მოკვლევის დასაწყებად ერთთვიანი ვადა აქვს და პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება.
„ჩვენ მივიღეთ საჩივარი 12-ში, 13-შივე ჩვენ ეს საჩივარი გადავუგზავნეთ იმ მხარეებს, რომლებსაც ეხებათ, რადგან მათგანაც მივიღოთ ინფორმაცია. გუშინ ჩვენ გავუგზავნეთ წერილი „სიტროენ ჯორჯიას“ და მოვითხოვეთ ინფორმაციის დაზუსტება. ეს სასამართლოს თემას ეხება, ვინაიდან სასამართლოშიც მიმდინარეობს განხილვა და გვაინტერესებს. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყების შესახებ და პროცესი იქნება ძალიან საჯარო. მოკვლევა ვერ დაიწყება, სანამ ყველა ინფორმაციას არ მივიღებთ. მოკვლევის დაწყებისთვის ჩვენ გვაქვს ერთთვიანი ვადა, ჩვენ შევეცდებით, რომ თუ მანამდე მივიღეთ ინფორმაცია მოპასუხე მხარეებისგანაც და თავად „სიტროენ ჯორჯიასგანაც“ უფრო ადრე დავიწყოთ მოკვლევა. პრემიერთან ამ საკითხზე კონსულტაციები არ გვქონია“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

















