საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული
ინფლაციის დონე უკვე პროგნოზირებად ციფრებს შეესაბამება.
მისივე თქმით, ნოემბერში დაფიქირებული ინფლაციის 6.9%-იანი მაჩვენელი მომდევნო წელს 3%-მდე შემცირდება.
ამის შესახებ გვენეტაძემ პარლამენტში 2018-2020 წლების ძირითადი მიმართულებების დოკუმენტის წარდგენისას განაცხადა.
„ინფლაციის ოპტიმალური მაჩვენებელი საქართველოს ეკონომიკისთვის 3%-ს შეადგენს, ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკურ ზრდასთან და ეროვნული ბანკის ინსტრუმენტების და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის განვითარებასთან ერთად ეტაპობრივად იზრდება ეროვნული ბანკის შესაძლებლობები შეინარჩუნოს ინფლაცია ოპტიმალურ მაჩვენებელზე. აქედან გამომდინარე საქართველოს ეკონომიკის განვიათარების ამ ეტაპზე 2018 წლიდან სამიზნე მაჩვენებელი 3%-მდე მცირდება და შემდგომი წლების განმავლობაში საშუალო ვადიან პერიოდის მიზნობრივი მაჩვენებელი 3% იქნება. წლიურმა ინფლაციამ ნოემებერში 6.9% შეადგინა, სადაც დაახლოებით 3.3% ტრანსპორტირების, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს წილზე მოდის. მიმდინარე წელს ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიზნობრივ დონეზე მაღლა ნარჩუნდება. თუმცა ინფლაციის აღნიშნული დონე ჩვენ მიერ უკვე პროგნოზირებად ციფრებს შეესაბამება და მიზნობრივ მაჩვენენელზე მაღალ ინფლაციას ეგზოგენური ფაქტორები განაპირობებს.
მომდევნო სამი წლის განმავლობაში შესაძლო არაპროგნოზირებადი შოკების კატეგორიას განეკუთვნება ენერგომატარებლებსა და ფასებზე ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ინფლაციის იმპორტი და სხვა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ნავთობის ფასები 43%-ით გაიზარდა, ეს არის ერთ-ერთი ეგზოგენური ფაქტორი, რომელიც ინფლაციის მაჩვენებელს ავტომატურად გადაეცემა“- განაცხადა გვენეტაძემ.

















