საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიზანია
განვითარების სტრატეგია, რომელიც ემსახურება არა მარტო მის კერძო, არამედ რეგიონულ და გლობალურ მიზნებს.
აღნიშნულის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეფექტური საჯარო სამსახურის, კორუფციისგან თავისუფალი ხელისუფლებისა და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს მეშვეობით, მტავრობამ ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შექმნა შეძლო.
“ძვირფასო მეგობრებო, სტუმრებო, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებო,
სიხარულით მოგესალმებით აქ, საქართველოში, „თბილისის სარტყლისა და გზის“ ფორუმზე. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა თითოეული ჩვენგანისთვის, რათა განვიხილოთ მომავალი ამ ამ უნიკალური ინიციატივისა, რომელსაც მშვიდობა, კეთილდღეობა და თანამშრომლობის შესაძლებლობა მოაქვს აბრეშუმის გზის პროექტში ჩართული მრავალი ქვეყნისათვის.
გუშინ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია აბრეშუმის გზაზე თანამშრომლობის გაღრმავების საშუალებებთან და საერთაშორისო ტრანზაქციების გამარტივების გზებთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ გვექნება დისკუსია საქართველოს როლთან - მისი, როგორც სავაჭრო და ლოგისტიკური ცენტრის სრული პოტენციალის ათვისებასთან დაკავშირებით. სინერგიის პრინციპის თანახმად, ჩვენი მიდგომა ყველა ჩართული მხარის კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს, რომლის ფარგლებშიც წევრი ქვეყნების უპირატესობები გლობალურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ბალანსის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია სავაჭრო ბარიერების შემსუბუქება და ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ექსპორტის წახალისება სავაჭრო ურთიერთობებში არსებული დისბალანსის აღმოფხვრის მიზნით. იმედი მაქვს, რომ რეგიონის წინაშე მდგარი პოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ პრაგმატულ თანამშრომლობას პარტნიორების ფუნდამენტური უფლებების ხელყოფის გარეშე შევძლებთ. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის მთავარ პრიორიტეტად არის მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ საქართველო წარმოადგენს ევროკავშირის ერთ-ერთ უძლიერეს რეგიონულ მოკავშირესა და უმთავრეს პარტნიორს უსაფრთხოების დარგში. ამ ფაქტს ადასტურებს ევროკავშირის გლობალური ფორუმი და უსაფრთხოების სტრატეგია. საქართველოს მთავრობის მიზანია განვითარების სტრატეგია, რომელიც ემსახურება არა მარტო მის კერძო, არამედ რეგიონულ და გლობალურ მიზნებს. ამ წლის დასაწყისიდან ინტენსიურად მიმდინარეობს ქვეყნის სივრცითი განვითარების პროექტი. ეს, მომავალ წლებში, ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს გაზრდის. ამავდროულად, ვატარებთ საბაჟო რეფორმას შესაბამისი პროცედურების დაჩქარებისა და მათი ეფექტურობის გაზრდის მიზნით. საქართველოს მთავრობა განუწყვეტლივ ახორციელებს საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებს, რათა გააუმჯობესოს ეკონომიკური თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს მეტი ეკონომიკური შესაძლებლობის გაჩენას. ეფექტური საჯარო სამსახურის, კორუფციისგან თავისუფალი ხელისუფლებისა და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს მეშვეობით, ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შექმნა შევძელით.
ჩვენი პროგრესის მასშტაბების აღიარება ასახულია სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში. მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის ანგარიშის თანახმად, საქართველომ სულ ახლახან გადაინაცვლა მე-9 ადგილზე მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის (გაუმჯობესება 7 ადგილით). Fraser Institute-ის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის თანახმად, საქართველო არის მე-8 ადგილზე მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების კუთხით 159 ქვეყანას შორის. ბოლო წლებში "საერთაშორისო გამჭვირვალობაც" აღიარებს საქართველოს, როგორც რეგიონში კორუფციასთან ბრძოლის ლიდერს.

















