საქართველოს პრემიერის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა არის ღია და ქვეყანაში
ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი მოქმედებს.
საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გაგანცხადა.
“საქართველო არის ღია ეკონომიკა. ჩვენ მსოფლიოში მერვე ადგილს ვიკავებთ ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით და მეცხრე ადგილს ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი და გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ყველა მეზობელთან, ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან. დავიწყეთ შესაძლებლობების შესწავლა ინდოეთთან. ყოველივე ამით, მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანამშრომლობის მზაობას აქ წარმოდგენილ ყველა ქვეყანასთან.
საქართველო მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს “ახალი აბრეშუმის გზის” ე.წ. შუა დერეფნის განვითარებაში. მოგეხსენებათ, თურქეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ოქტომბერში ავამოქმედეთ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი, რომელმაც ცენტრალური აზიის ქვეყნები ევროპის სარკინიგზო ქსელთან ალტერნატიული მარშრუტით დააკავშირა.
მილიარდობით დოლარის ინვესტირებას ვახორციელებთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ფართო ქსელის მშენებლობაში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდასა და მის წამყვან სატრანსპორტო კვანძად გადაქცევას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია საპორტო ინფრასტრუქტურის ახალი განვითარების ტალღა, რასაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის პროექტს ვუკავშირებთ, რომელიც თავისი მასშტაბებით უპრეცედენტო იქნება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ამ დერეფანში.
ძვირფასო სტუმრებო,
ჩვენი ფორუმი შესაძლებლობას მოგცემთ, დეტალურად გაეცნოთ ყველა ამ და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს და ასევე, აქტიურად წარმოაჩინოთ თქვენი ხედვა, იდეები და ბიზნესპროექტები.
იმედი მაქვს, დღევანდელი ფორუმი საფუძველს ჩაუყრის მრავალ ახალ წამოწყებას და ინიციატივას, რათა ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით, „დიდი აბრეშუმის გზის“ ამბიციურ პროექტში მონაწილე ქვეყნებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და კომპანიებმა, და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნების მოსახლეობამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალის ამოქმედებით.
დღევანდელი შეკრება და ჩვენი ფორუმი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენი, როგორც საჯარო და კერძო სექტორის ლიდერების ვალია, შევქმნათ განვითარების მაქსიმალური პირობები და შესაძლებლობები. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი კარგად აცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, თანამშრომლობითა და კონსტრუქციული მიდგომებით, ღირსეული თანამედროვეობა და მდგრადი მომავალი შევუქმნათ ჩვენს მოსახლეობას.
ძვირფასო სტუმრებო,
როგორც მოგეხსენებათ, ახალი აბრეშუმის გზის განვითარებაში წამყვანი როლი უკავია მსოფლიოს უმსხვილეს ორ ეკონომიკას, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ვაჭრობას, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში გაორმაგდა. შესაბამისად, ფორუმის დასაწყისში ჩვენ შეგვეძლება, მოვისმინოთ ჩინეთისა და ევროკავშირის მიერ დანახული პერსპექტივები ამ ურთიერთობების შესახებ.
დასასრულს, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ჩამობრძანებისთვის. გისურვებთ საინტერესო დისკუსიებს და ნაყოფიერ სამუშაო დღეს.
დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი, ჩვენი ქვეყნის - საქართველოს შესახებ, სასიამოვნო შთაბეჭდილებებით იქნება დატვირთული.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის!"-განაცხადა პრემიერმა.

















