საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, სამთავრობო პროგრამის - „აწარმოე
საქართველოში“ ბენეფიციარებს, მომავალი 6 თვის განმავლობაში, პირადი საგადასახო მრჩველის Privé-ს სერვისით, უსასყიდლოდ სარგებლობას სთავაზობს.
ამასთან დაკავშირებით, დღეს, 21 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს დიდ საკონფერენციო დარბაზში, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი, გიორგი თაბუაშვილი და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენლები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდნენ. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საკუთარი უწყების პოზიციონირებას უკვე წლებია ახდენს არა მხოლოდ როგორც კანონმორჩილების დონის ზრდისა უზრუნველმყოფი და სამართალდარღვევათა გამომვლენი ორგანო, არამედ როგორც ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და შესაბამისად, სამართალდარღვევათა პრევენციაზე, განსაკუთრებული ძალისხმევით მომუშავე ინსტიტუცია“ - დამწყებ მეწარმეებთან შეხვედრაზე განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა.
მისი თქმით, შემოსავლების სამსახური უწყვვეტ რეჟიმში ქმნის და აახლებს ყველასთვის ხელმისაწვდომ, გამარტივებულ და ეფექტურ სერვისებს. ყოველდღიურად უმჯობესდება მომსახურების ხარისხი.
„გადამხდელებს ვთავაზობთ საკონსულტაციო მომსახურებას ყველა შესაძლო საკომუნიკაციო არხით. მათ შორის, მოქნილი და სწრაფი ელექტრონული სერვისების, სერვისცენტრების, მოძრავი სერვისცენტრების ე.წ. RS CAR--ის, უბნის ოფიცრების, სატელეფონო ცენტრის საშუალებით. ყველა ეს სერვისი უფასოა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი გადამხდელისთვის. დღეიდან კი შემოსავლების სამსახურის სპეციალური სერვისით PRIVE, უფასოდ ისარგებლებენ დამწყები მეწარმეები. ეს კი ჩვენი კიდევ ერთი ძალისხმევაა, ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ საქართველოში წარმოების შემდგომ განვითარებასა და წინსვლას“ - მისასალმებელი სიტყვის დასასრულ აღნიშნა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, პირადი საგადასახადო მრჩევლის Privé-ს სერვისი პერსონალური საკონსულტაციო მომსახურებაა საგადასახადო და საბაჟო საკითხებზე. შესაბამისად, საგადასახადო მრჩეველი ახალ საწარმოებს ბიზნესსაქმიანობის სწორად და ეფექტიანად წარმართვაში დაეხმარება. კერძოდ, საგადასახადო მრჩეველი მეწარმეებს საგადასახადო კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულებასა და მათთვის კანონით მინიჭებული უფლებებით სარგებლობაში გაუწევს პერსონალურ კონსულტაციას.
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერას, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობასა და საექსპორტო პოტენციის მნიშვნელოვნად გაზრდას.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მიესალმება მსგავს ინიციატივებს და მზად არის მხარი დაუჭიროს წარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიის განვითარებას.

















