პარტია „ახალი მემარჯვენეები“ დღეიდან, მონოპოლიების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან კამპანიას - „არა მონოპოლიებს“ იწყებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, ბიზნესის თითქმის ყველა სფერო მონოპოლიზებულია და სწორედ ამის გამო, ქვეყანაში თითქმის ყველა სახის პროდუქტი კატასტროფულად ძვირია.
მისივე თქმით, მონოპოლიის არსებობა ხელს უშლის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რაც თავის მხრივ, სამუშაო ადგილების დეფიციტის ძირითადი მიზეზია.
„ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოება გაეცნო ახალი პრემიერ-მინისტრის პროგრამას, რომელიც რეალურად შეჯიბრია მერაბიშვილსა და ივანიშვილს შორის - ვინ უფრო მალე დააბრუნებს საქართველოს საბჭოთა კავშირში და სოციალურ სისტემაში. ამის მიზანია, რომელი უფრო მოიგებს ამომრჩევლის გულს მილიარდების რახარუხითა და დაპირებებით. პრემიერ-მინისტრს ერთხელაც არ უხსენებია ის პრობლემა, რაც სიდუხჭირის ძირითადი მიზეზია - ეს მონოპოლიაა, რომელმაც თითქმის ყველა სფერო მოიცვა“ - განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლება არა თუ ცდილობს მონოპოლიის მოსპობას, არამედ თავად გვევლინება მის დამცველად.
„ახალი მემარჯვენეები“ მიიჩნევენ, რომ ეს გასაკვირი არც არის რადგან, მონოპოლიზებული სფეროებიდან მოჭრილი წილი პირდაპირ ხელისუფლების შავ სალაროში იყრის თავს.
გამყრელიძის განცხადებით, იმ სფეროში, სადაც მონოპოლია არ არის, ბიზნესი წარმატებით ვითარდება და ფასებიც დაბალია.
“ჩვენ, „ახალი მემარჯვენეები“ შევძლებთ ქართული სოფლის თემის მსგავსად, მონოპოლიების თემაც აქტუალური გავხადოთ ქვეყნის პოლიტიკურ რეალობაში. ვაიძულებთ ვანო მერაბიშვილს და მის მთავრობას, აღიაროს მონოპოლიური კლანების არსებობა და უარი თქვას მათ მხარდაჭერაზე“ - აღნიშნა გამყრელიძემ და დასძინა, რომ ამით მოგებული დარჩება ხალხი და თითოეული ოჯახი სარგებელს მართლაც მიიღებს.

















