საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილი განცხადებით,
იანვრიდან ვალუტაზე მოთხოვნა შემცირდება.
ქუმსიშვილი ლარის კურთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა მისი თქმით, უახლოეს მომავალში გამყიდველების მიმართულებით ინვესტორების აქტივობა უბდა გამოჩნდეს.
„პროგნოზებს ვერ გავაკეთებ და არ გავაკეთებ, ეს არის მცურავი კურსი. ანალიზი კეთდება ყოველდღიურად, საკმაოდ ბევრი ფორვარდული გარიგებები დაიდო ბაზარზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იანვრის დასაწყისიდან ვალუტაზე მოთხოვნა უნდა დაგვაკლდეს, ამავდროულად, რასაც ჩვენ ვუყურებთ, გამყიდველების მიმართულებით ინვესტორების აქტივობა უნდა გამოჩნდეს უახლოეს მომავალში.
ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით მოახდენს ბაზარზე გავლენას იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაინახავენ რომ ფუნდამენტიდან უკვე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაშია ლარის კურსი გადახრილი“- განაცხადა ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლარის კურსი გაუფასურებას განაგრძობს. ამ დროისთვის ლარის ოფიციალური ღირებულება 2.7 ლარს აჭარბებს.

















