პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2018
წლის ბიუჯეტი სრულ შესაბამისობაშია იმ დაპირებებთან, რომლებიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მთავრობამ ხალხს მისცა.
აღნიშნულის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა.
„დღეს წარმოგიდგინეთ 2018 წლის ბიუჯეტი და ის ძირთადი მიმართულებები, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ის სრულ შესაბამისობაშია იმ დაპირებებთან, რომლებიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩვენ ხალხს მივეცით. რამდენიმე დღის წინ დამთავრდა ადგილობრივი არჩევნები. ჩვენ არ გამოვიყენეთ პოპულისტური ხერხი და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, რომ 2019-2020 წლებში 20-20 ლარით გავზრდიდით პენსიას, არ გავაკეთეთ ეს განცხადება.
2016 წელს ჩვენ მოქალაქეებს დავპირდით, რომ საქართველოს ეკონომიკა გაიზრდებოდა და 4 პუნქტიანი გეგმა შესრულდებოდა,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და პარლამენტს რეფორმების განხორციელების სფეროში აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

















