პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ლარის
კურსის გარშემო არსებულ ვითარებას აფასებს.
მისი განცხადებით, ლარის დევალვაცია დროებითი მოვლენაა, რადგან მასზე გარკვეული სეზონური ფაქტორები მოქმედებს.
„ჩვენ ლარიზაციის პროექტი დავიწყეთ- გვინდა, რომ საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ დამოკიდებულნი დოლარზე. გარკვეულმა ოჯახებმა ამით ისარგებლა. სესხების კოეფიციენტი თითქმის 10 პუნქტით შემცირდა. მილიარდ სამას მილიონ ლარს ხარჯავს ქვეყანა იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელოს, რაც ემსახურება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და უმუშევრობის შემცირებას იმისათვის, რომ თითოეული ოჯახის კეთილდღეობა გაუმჯობესდეს.
მინდა აღვნიშნო, რომ ლარის დევალვაცია არის ხანმოკლე პერიოდის. ეს დროებითი მოვლენაა, გარკვეული სეზონური ფაქტორები მოქმედებს. გამომდინარე აქედან, არცერთი მაკროეკონომიკური ფაქტორის გაუარესება არ არის და საშუალოვადიან პერიოდში ლარის დევალვაციის პრობლემა არ არსებობს“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ „ქრონიკის“ ეთერში.
ცნობისთვის, ერთი ამერიკული დოლარის შეძენა დღევანდელი ოფიციალური კურსით 2, 6106 ლარადაა შესაძლებელი.

















