საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი “OECD (ეკონომიკური
თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ევრაზიის კვირეულის” ფარგლებში, აღნიშნული ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ანხელ გურიას შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და OECD-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა იმ დიდ დახმარებას, რომელიც აღნიშნულმა ორგანიზაციამ აღმოუჩინა საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიმართულებით.
უწყების ინფორმაციითვე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა OECD-ის მონაწილეობაზე საქართველოს ეკონომიკის „მწვანე განვითარების“ სტრატეგიის შემუშავებისა და იმპელემენტაციის პროცესში, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ხელი შეეწყობა ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვის და ქვეყნის მდგრად განვითარების პროცესს.
პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროცესის დაჩქარებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით რეფორმებს ახორციელებს.
„საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროცესის დაჩქარებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახორციელებს რეფორმების 4-პუნქტიან გეგმას, რომლის ფარგლებში ხორციელდება ძირეული სტრუქტურული და ფისკალური რეფორმები, მიმდინარეობს ძირითადი სატრანსპორტო და ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ინერგება დუალური განათლების სისტემა, რომლის თანახმადაც აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვნად იზრდება კერძო სექტორის მონაწილეობის ხარისხი, აგრეთვე ტარდება მმართველობითი რეფორმა“- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესსა და რეგიონში ლიდერის პოზიციას საგადასახადო და ანტიკორუფციული მიმართულებით.
დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა OECD-ის იმ დახმარებისთვის, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაცია უწევს საქართველოს თანამშრომლობის 20-წლიან პერიოდში.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციას შორის მომავალში კიდევ უფრო ნაყოფიერი და წარმატებული გახდება.

















