საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ეროვნული ბანკის
პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მაღალი მენეჯმენტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას
კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრა აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო კაპიტალის ბაზრის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე საკითხები. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ შემუშავდა, რამდენიმე პრიორიტეტული პუნქტის განხორციელებას ითვალისწინებს. მათ შორისაა, საკანონმდებლო და ტექნიკური ბაზის სრულყოფა იმ პერიოდისთვის, როდესაც საქართველოში ამოქმედდება საპენსიო რეფორმა. გარდა ამისა, უკვე მომავალი წლის დასაწყისიდან ძალაში შევა დეპოზიტების დაზღვევის სისტემა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს კაპიტალის ბაზარი. ყურადღება გამახვილდა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც აუცილებელია აღნიშნული ბაზრის რეფორმირებისთვის.
უწყების ცნობით, ქართულმა მხარემ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან აღნიშნული რეფორმის კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ მისი განვითარება უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული ფინანსური წყაროების შესაქმნელად.

















