მთავრობის ახალ პროგრამაში წარდგენილ თითოეულ ციფრზე პირადად ვაგებ პასუხს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ვანო მერაბიშვილმა საპარლამენტო კომიტეტებზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის მთავარი პრიორიტეტი დასაქმებაა.
როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, ის თავად სასიამოვნოდ არის გაკვირვებული საქართველოში ტურისტების ოდენობის ზრდით და აღნიშნავს, რომ ყველაზე პესიმისტური პროგნოზით ტურისტების რაოდენობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 7 მილიონამდე გაიზრდება.
„გპირდებით, რომ 4 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქცია მინიმუმ გაორმაგდება“ - განაცხადა მერაბიშვილმა.
ის დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება შეძლებს რაიონებში მოსახლეობის დასაქმებას და მათ აღარ დასჭირდებათ თუნდაც რაიონულ ცენტრებში სამუშაოს საძებრად ჩასვლა.
ამასთანავე, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ რჩება სხვა უამრავი მცირე პრობლემა, რომელთა წინასწარ გათვლა ან დაგეგმვა შეძლებელია და ამიტომ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითოეულ ოჯახს გადაეცეს 1000 ლარიანი ვაუჩერი.

















