საქართველოს ახალი მთავრობა უმუშევრობაზე გადამწყვეტი დარტყმის მიყენებას აპირებს. ამის შესახებ საუბარია მთავრობის სამოქმერდი პროგრამაში, რომელიც პარლამენტში განსახილველად დღეს შევიდა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით, რაც გულისხმობს გადასახადების შემცირებასა და გამარტივებას, ბიუროკრატიული წნეხის შემცირებას, მიღწეული იქნება ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ეკონომიკის სწრაფი ზრდა.
ახალი პრემიერი თავის პროგრამაში ყურადღებას გაამახვილებს კერძო ბიზნესის ზრდასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
კერძოდ, მომდევნო 4 წელიწადში მთავრობა დარწმუნებულია, რომ 4 მლრდ-ზე მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს, რაც მათი გათვლებით, დამატებით დაახლოებით 80 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
ტურისტების რაოდენობის გაზრდას 7 მილიონამდე ვარაუდობენ, რაც ტურიზმის სექტორში 140 000 სამუშაო ადგილს ნიშნავს. ამასთანავე დაიგება 5 000 კილომეტრი გზა, რაც 40 ათას ადამიანს დაასაქმებს.
ენერგეტიკის სექტორში იგეგმება 13 000 ადამიანის დასაქმება და ელექტროენერგიის სიმძლვარეების გაზრდა.
„აღნიშნული ღონისძიებების საერთო მიზანი იქნება გადამწყვეტი დარტყმის მიყენება უმუშევრობისთვის“ – აღნიშნულია პროგრამაში.
მთავრობა ასევე აცხადებს, რომ რეფორმების კურსი და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები უცვლელი დარჩება.

















