ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის,
ვახტანგ ლაშქარაძის განცხადებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს.
ამის შესახებ ლაშქარაძემ სომხეთში ბავრას ახლადაშენებული საბაჟო გამშვები პუნქტის ოფიციალურ გახსნაზე განაცხადა.
"ჩვენ დავათვალიერეთ თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი ბავრა, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსა და სომხეთს შორის ვაჭრობის განვითარებისთვის, არამედ კიდევ უფრო აამაღლებს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს" - განაცხადა ვახტანგ ლაშქარაძემ.
საქართველოს დელეგაციას, რომელშიც ასევე შედიოდა ვახტანგ ლაშქარაძე, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა.
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის - საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ვახტანგ ლაშქარაძის განცხადებით, დაახლოებით 1 წელიწადში დასრულდება ახალი საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობა საქართველოს მხრიდანაც, რომელიც ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით აღიჭურვება. მისი თქმით, ორი თანამედროვე საბაჟო გამშვები პუნქტის - "ნინოწმინდისა" და "ბავღას" არსებობა მნიშვნელოვნად წაადგება ეკონომიკურ მდგომარეობას.

















