იტალიის უმსხვილესი ავიაკომპანია Alitalia დღეიდან რომი-თბილისი-რომის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის აეროპორტიდან აცნობეს, Alitalia თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და რომის ფიუმიჩინოს აეროპორტს შორის ფრენებს კვირაში ორჯერ - სამშაბათს და კვირას შეასრულებს.
პირდაპირი ავიარეისები თბილისიდან რომში, თბილისის დროით დილის 05:00 საათზე განხორციელდება. იტალიური ავიაკომპანია ფრენებს Airbus A320-ით შეასრულებს, მგზავრობას თბილისიდან რომში დაახლოებით 4 საათი დასჭირდება.
იტალიის ნაციონალური ავიაგადამზიდი Alitalia, ყველაზე დიდი ავიაკომპანიაა იტალიაში და მე-19 მსოფლიოში. მისი თანამედროვე ავიაპარკი 146 თვითმფრინავისგან შედგება. Alitalia თავის შვილობილ ავიაკომპანია Air One-თან ერთად 40 ქვეყანაში, 86 მიმართულებით დაფრინავს, აქედან 27 ადგილობრივი, ხოლო 59 საერთაშორისო მიმართულებაა.

















