მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის,
ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა ანგარიშგებების წარდგენისა და გასაჯაროების პროცესის შესახებ პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციაზე "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონის ძირითადი მოთხოვნები წარმოადგინეს ანგარიშგებასთან დაკავშირებით. რეალურ რეჟიმში ანგარიშებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის ტექნიკური პროცესის დემონსტრაცია განხორციელდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოებას ანგარიშგების პორტალის სტრუქტურა და ფუნქციონალიც წარედგინა.
პრეზენტაციის სამიზნე აუდიტორიას ის სუბიექტები წარმოადგენდნენ, რომლებსაც 2016 წლის ფინანსური ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნების წარმოდგენის ვანდებულება გააჩნიათ მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე, ასევე იმ აუდიტორული ფირმების წარმომადგენლები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სდპ-ის აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილება.
უწყების ცნობითვე, პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მათ კითხვა-პასუხის რეჟიმში საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა მიეცათ.
პრეზენტაციას ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

















