ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა ADB-ის აღმასრულებელ დირექტორ მეთიუ
ფოქსს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი რეფორმების განხორციელების კუთხით უწევს საქართველოს.
მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ბანკის ჩართულობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის კონკრეტულად, მისი ყველაზე რთული - რიკოთის მონაკვეთის მშენებლობის თვალსაზრისით
„აზიის განვითარების ბანკი სრულად ახორციელებს აღნიშნული მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლასა და დიზაინს, ასევე, ბანკი დააფინანსებს ამ გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის მშენებლობას. ასევე, მნიშვნელოვანია თბილისი-ლარსის გზის პროექტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდება,“ - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია, საპენსიო რეფორმის კანონმდებლობა, კერძო-საჯარო თანამშრომლობის კანონპროექტი, რომელიც უკვე დასრულების სტადიაშია.
„აზიის განვითარების ბანკიც აღიარებს, რომ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო მათი მხარდაჭერით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა,“ - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

















